ანა არველაძე – ჩვენ

0

ანა არველაძე – Nlp Coach

მადლობა ღმერთს, რომ ვარ ქალი და ოთხჯერ მხვდა წილად ბედნიერება და პატივი, სრულად განმეცადა ღვთაებრივი სასწაული, რასაც ახალი სიცოცხლის და პიროვნების დაბადება ჰქვია…
პირველი არის მშვენიერი ელენე, რომელიც ისე ჩქარობდა ჩემთან შეხვედრას, რომ დაგეგმილს 1 თვით დაასწრო და მაჩუქა დედობის სტატუსი და ბედნიერება. შემდეგი საჩუქარი – მშვენიერი და ტკბილი ნატალია, ელენეს პირველი და ყველაზე ძვირფასი მეგობარი. მესამე – ცისარტყელა ეკატერინე, თავისი ბრწყინვალებით და განსაკუთრებული სიყვარულით და ბოლოს – დავითი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ რაინდობას.
ელენე ჰარი პოტერის მოყვარულია და მისი ჯადოსნური სამყაროს გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. ნატალი გულშემატკივრობს კორეულ ჯგუფს BTS და აბედნიერებს მათი ყოველი წარმატება, ეკატერინე-ნამდვილი პრინცესაა , ჩვენს ყოველდღიურობაში შემოყავს ზღაპრის პერსონაჟები. ხოლო დავითი, ჯერ მხოლოდ მანქანებზე და ბურთებზეა შეყვარებული.

ნეტარებაა მათ გაბრწყინებულ , ხანდახან სიხარულით აცრემლებულ, ბრჭყვიალა თვალებში ჩახედვა, უსიტყვოდ რომ იღვრება სიყვარული და ბედნიერება. მახარებს, როგორ უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი. ძნელი სათქმელია, ვინ უფრო მეტს სწავლობს ამ ურთიერთობით-ისინი თუ მე. დღითიდღე ვიზრდები მათთან ერთად. ვსწავლობ სილაღეს, სამყაროსთან სიახლოვეს, ვმოგზაურობ ჯადოსნურ სამყაროში, მჯერა, რომ ყველაზე უცნაური სურვილებიც შეიძლება ნებისმიერ წამს ასრულდეს. მინდა ვიყო მათი ყველაზე დიდი მესაიდუმლე და საბოლოოდ დავამტკიცო “შვილი მტრად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგება” ფრაზის აბსურდულობა. მინდა სჯეროდეთ, რომ ნებისმიერი შეცდომის მიუხედავად, მიყვარს მათში არსებული პიროვნება. ვუფრთხილდები მათთან გატარებულ თითოეულ წუთს და მსურს იცოდნენ , რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის აწმყო, აქ და ახლა და არა წარსული ან მომავალი. მინდა თითოეულ დღეს უყურებდნენ, როგორც ზრდის და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას. მინდა უსასრულოდ სჯეროდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ყოველთვის ამჩნევდნენ მათ გარშემო არსებულ სასწაულებს, შეეძლოთ ემოციების მართვა და ნებისმიერ სიტუაციაში ობიექტურობის და სამართლიანობის შენარჩუნება.
ვაცნობიერებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ახალი სიცოცხლე იზრდება და ვითარდება, რომ ჩვენი ნებისმიერი ემოცია ასახვას ჰპოვებს მათში და რაოდენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ საკუთარ განწყობას ბავშვებთან ურთიერთობის დროს.
….მართლაც ყველაზე რთული და ამავდროულად სასიამოვნო პროფესიაა- დედობა.

გაზიარება.

კომენტარის დატოვება