ნატალია ზუევა – მარიამ გოგუას დედა

0

ნატალია ზუევა – სააგენტო პიარ ოფისის დამფუძნებელი, პიარ კონსულტანტი, ღონისძიებების ორგანიზატორი. მარიამ გოგუას დედა 🙂

როცა ის დაიბადა ჩემი ცხოვრება ერთ დიდ დღესასწაულად იქცა. გულს მითბობს და მიგაზაფხულებს. ყველა დილა მარიკოსთან ერთად არის მზიანი და ხალისიანი – რომ შემომანათებს თავის ულამაზეს თვალებს და მიღიმის, ან მეხუტება – უბედნიერესი ვარ! ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ერთად და სულ მის გართობაზე და თვალთახედვის მრავალმხრივ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული. პირველი დღიდან ველაპარაკები როგორც მეგობარს. სულ ვუყვებოდი სად ვართ, რას ვაკეთებთ, რისთვის. ახლა უკვე ის მისვამს დაუსრულებლად კითხვებს. 2 წლის იყო ბაკურიანიდან ბორჯომის პარკში მიმყავდა და გზად ვუყვებოდი სად მივდივართ, ჩემდა გასაოცრად გამოაცხადა – „მე ვიცი ბორჯომის პარკი, ნატა. იქ სოკოებია“. მერე წარმატებით ირბინა იმ სოკოებში, მე კიდევ სულ არ მახსოვდა პარკის ტერიტორიაზე ეგ ნაწილი. ყოველი თვის 25 რიცხვი – მარიკოს დღეა. აღვნიშნავთ ტორტით, საჩუქრებით, ვხალისობთ. სულ ვქმნი მიზეზებს რომ ერთად გავიხაროთ და ლამაზი შთაბეჭდილებებით ავივსოთ ცხოვრება.
არავის ეწყინება და მარიკო გახდა მთავარი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში. ჩემი ჟანგბადია, ჩემი საოცრება, სასწაული, ჩემი ახდენილი ოცნება და როგორც უკვე ვთქვი დღესასწაული! ჩემი ძვირფასი და უსაყვარლესი მეგობარია.

თითქოს მანამდე არც ვარსებობდი. რაც ადრე მადარდებდა ან მაღელვებდა, ეხლა საერთოდ აღარ აღძრავს ჩემში ემოციას და სრულიად უმნიშვნელოა, იმდენად მახარებს ეს ბავშვი. სულ ცეკვავს, მღერის, ხალისობს, დაფარფატებს, სულ სხვადასხვა როლშია – ხან პრინცესაა, ხან სპაიდერმენი (სამი სხვადასხვა სახის ფორმა აქვს), ხან ჰალკი და ხან ლომი, ხან ბეიბი შარკი, ხან ადამიანი, რომელიც ტელეფონით სერიოზული გამომეტყველებით საქმეებს აგვარებს 🙂 სულ კარგ ხასიათზეა და ეს იმდენად გადამდებია, რომ მოწყენის შანსი მის გარშემო არ არსებობს. მოკლედ, ჩემთვის დედამიწა მარიკოს გარშემო ბრუნავს.

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ადრე უმეტეს დროს ოფისში ვატარებდი. მეგონა რომ მარიკოს დაბადების შემდეგაც ძიძის დახმარებით ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმუშავებდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არჩეული მყავდა და ძალიან მომწონდა, ვერ მოვძებნე ჩემში ძალა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. ისე მივეწებეთ ერთმანეთს, რომ ძიძა საერთოდ არ გვყოლია. მე არც ერთი დღე არ ჩამიგდია და სამშობიაროშიც კი მინი ოფისი მქონდა მოწყობილი, მერე ისე გავიდა 4 თვე რომ ოფისში მიუსვლელად დისტანციურად სახლიდან ვმუშაობდი. ამიტომ დავხურე ოფისი და გავაგრძელე მუშაობა სახლიდან. ძალიან მეხმარება დედა და ბედნიერი ვარ რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ ერთად და სულიერ სიმშვიდეს არაფერი გვირღვევს. ცვლილებებიდან საკმაოდ თვალსაჩინოა, რომ პირველი ბოტასიც ჩემ გარდერობში მარიკოს დაბადების შემდეგ გაჩნდა 🙂

მარიკოს ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჩუქრები, სიურპრიზები, ცხენები და ყველაფერი ექსტრემალური მოსწონს. თავისუფლად დადის და ცეკვავს ჰავერბორდზე და „კედლებზეც“, სულ სადღაც არის ამძვრალი და სულ მოძრაობაშია. ცხენების სიყვარული ყველაზე პირველი და მთავარი გატაცებაა მარიკოსი – ჯერ კიდევ დედას არ ამბობდა როდესაც ნენი ნენი (ანუ ცხენის) გაიძახოდა. სიარული რაც დაიწყო დამყავს რანჩოზე და იპოდრომზე, ძალიან ბედნიერია როცა ცხენზე ზის და განსაკუთრებით თუ ჩქარა ჯირითობს 🙂 ზღვაზე რომ ვართ მაშინაც კი წყალში ჭყუმპალაობაზე მეტად ცხენები აინტერესებს და სულ თეთრ ცხენს ელოდება 🙂

ამბობენ რომ მგავს, რთულიცაა არ მგავდეს იმდენ დროს ვატარებთ ერთად და ყველაფერს, ბუნებრივია, ითვისებს. ტუჩსაცხზე და ქუსლებიან ფეხსაცმელებზე გიჟდება. როცა რამეს მისთვის მძიმეს ან დიდს აიღებს და მიაქვს, „ნატასავით წამღებიაო“ დასცინიან, ასევე ჩემსავით სულ ამბობს „მე თვითონ“. მაგრამ აშკარად ზედმეტად ინდივიდია – არავის არ გავს კონკრეტულად. ძალიან არტისტულია და უაქტიურესი. უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა თავისი საკუთარი თვისებებით, ხასიათით, გემოვნებით, გატაცებებით.
გარშემო ბევრი ბოროტი და შურიანი ადამიანის და ნეგატივის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია და უმეტეს წილად ყველაფერი ჩვენივე არჩევანია, ამიტომ შესაძლებელია რომ ნაკლებად მიაქციო ამას ყურადღება. არ არის აუცილებელი ყველას მოსწონდეს, მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონიაში იცხოვროს და აკეთოს რაც მის გულს სწყურია და უხარია. რაც მთავარია, მინდა იცოდეს, რომ ძალიანზე ძალიან მიყვარს. სულ ვეუბნები რომ მაშინაც კი მიყვარს, როცა მაბრაზებს 🙂

ძალიან მინდა ის ხალისი და თვალებში ციმციმები მთელი ცხოვრება გაჰყვეს ესე ჭარბად, როგოც აქვს. მინდა და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს მიაღწევს რასაც მოინდომებს. სულ იხსენებენ ჩემი მეგობრები როგორ ვამბობდი ორსულობისას (როდესაც ზედმეტად აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი) რომ ბავშვი უნდა იყოს ამტანი, გამტანი, ცისფერთვალება. ასეთია ზუსტად და მინდა შეეძლოს იყოს ძლიერი და გაუმკლავდეს სირთულეებს. ძალიან მინდა იყოს ბედნიერი და ქონდეს ლამაზი, ნათელი, უდარდელი მომავალი.

გაზიარება.

კომენტარის დატოვება