ეკა სეხნიაშვილი – მე და ელისაბედი

0

ეკა სეხნიაშვილი – ჟურნალისტი, მედია-ანალიტიკოსი,საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

ელისაბედი რომ გაჩნდა 36 წლის ვიყავი. ჩემთვის ეს იყო სრულიად სხვა განზომილება, რადგან მიმაჩნია, რომ ქალის საკაცობრიო არსი გამოხატული არის დედობაში. ელისაბედი ჩვენთვის ღმერთის საჩუქარი იყო . თუმცა ამავე დროს მარტივი პროცესი არ არის იყო დედა, მით უფრო როცა გყავს ძალიან თბილი შვილი, რომელიც მუდმივად მოითხოვს დედიკოსგან ყურადღებას. “მოდი, ჩაგეხუტო” მისი ტრენდული სიტყვაა. თვითონ დედობის არსი ჩემთვის არის ფუნქციონალურად ძალიან ზეღვთიური – მეორე ადამიანის სიცოცხლესთან არის დაკავშირებული შენი ორგანიზმი. ორსულობის პროცესიც კი საინტერესო იყო, მუცელშიც კი ვესაუბრებოდი ლიზას, მუსიკას ვუსმენდი. ელისაბედი ჰქვია, მაგრამ ლიზას ვეძახით. სახელიც უცნაურად შევურჩიე ელისაბედს. არ ვიცოდი რა უნდა დამერქმია და მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, ტაძარში ვიდექი , სახარებას კითხულობდა მოძღვარი, როდესაც მარიამი მიდის ელისაბედთან და ეუბნება რომ “კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა ელისაბედ” და მაშინ მომენტალურად მომივიდა აზრი თუ გოგო მეყოლებოდა ელისაბედი დამერქმია. თუმცა ლიზას ვეძახი, მაგრამ რომ წარმოვთქვავ ხოლმე “ელისაბედ”, რაღაცნაირად ვმშვიდდები.
დედობის მერე თვისობრივად შევიცვალე, ღირებულებების გადაფასებიდან დაწყებული ჩემში რეინკარნაცია მოხდა, ვხუმრობ, სხვა სული ჩასახლდა თქო ჩემში. ცივი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ადრე უფრო ნაკლებად ვპატიობდი ადამიანს. დედობის მერე უფრო მგრძნობიარე გავხდი, სხვა კრიტერიუმები, თითქოს შეფასებითი ღირებულებები შემეცვალა და ადამიანებთან მიდგომებიც სხვანაირი გამიხდა . ორსული ვიყავი ძალიან მგრძნობიარე, თუ დავინახავდი ძაღლს რაიმე დაუზიანდა, ან ბავშვებს პრობლემა აქვთ, ვტიროდი.

ბავშვები ჩემთვის არის სამყაროს მამოძრავებელი ღერძი. მე და ლიზა ხშირად ვთამაშობთ, ლექსებს ვუკითხავ, ძალიან უყვარს დუმბაძის ლექსები, განსაკუთრებით ,,მამალი”, რომელსაც სიამოვნებით მოგიყვებათ, ზღაპრების დასაწყისი უყვარს, “იყო და არა იყო, რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”.. ძალიან მიზანდასახული ბავშვია, მამამისს ჰგავს ამ თვისებით. წიგნები უყვარს და ამაში მე მგავს 100% -ით. მუსიკა მისი სტიქიაა, მღერის სიმღერებს, ცდილობს რომ ჩემთან ერთად იცეკვოს. კლასიკური მუსიკა მიყვარს, მუსიკალური ათწლედი მაქვს დამთავრებული და ერთ დროს მინდოდა პიანისტი გამოვსულიყავი .. როგორც ამბობენ, კარგად ვუკრავდი შუბერტს, შუმანს, ვენის კლასიკოსებს. მაინც ჟურნალისტიკა ავირჩიე, აქტიური პროფესია, თუმცა ვნანობ , შემეძლო პარალელურად კარგი პიანისტიც ვყოფილიყავი.

დედაბაში ყველაზე მთავარი შვილი გიყვარდეს და მირო ისეთი, როგორიც არის. ჩემს შვილს ვაძლევ სრულ თავისუფლებას. ლიზა რომ განვითარდება და გაიზრდება, ჩემთვის მთავარი იქნება, მას რაც მოუტანს ბედნიერებას , ის ბედნიერება მიიღოს . ყველა მშობელს უხარია შვილის წარმატებები: კარგად რომ დახატავს, კარგად რომ იცეკვებს, კარგად რომ ლექსს იტყვის. მეც მახარებს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია.
მე არ ვძერწავ მისგან რაღაცას, ჩემი შვილი პლასტელინი არ არის. მე არ მინდა შვილისგან გამოვძერწო ჩემი წარმოდგენა. ჩემი შვილი სულია, თავისუფალი სული და თვითონ რასაც ჩათვლის საჭიროდ, ის უნდა გააკეთოს. ის როგორიც ჩამოყალიბდება, მე მივიღებ ისეთს. მშობლები წავეხმარებით, თუ რამე შეცდომები ექნება, ავუხსნით, გვერდში დავუდგებით მის ინტერესებს. მშობლების შეცდომა იცი რა არის? განსაკუთრებით ქართველებში ვაფიქსირებ ამას. თვითონ რაც უნდოდათ გაეკეთებინათ და გამოსულიყვნენ, შვილისგან ცდილობენ ის შექმნან. ამ დროს , ბავშვს შეიძლება სრულიად სხვა ინტერესები და ნიჭი ჰქონდეს. მაინც ისეთები გამოვლენ ჩვენი შვილები, როგორებიც უნდა გამოვიდნენ. მე მინდა, რომ ლიზა იყოს კეთილი და ბედნიერი და სხვისი ბედნიერება უხაროდეს.

გაზიარება.

კომენტარის დატოვება