მაგდა კოტრიკაძე – ჩემი ორი

0

ორჯერ დედა ვარ! ვფიქრობ, რომ ეს სტატუსი დედამიწელებისთვის ყველაზე დიდი ღირსებაა. საბა რომ შემეძინა 20 წლის ვიყავი, ახლა კი ჩემი ვაჟი სწორედ ამდენის ხდება. მე შვილებთან ერთად გავიზარდე, ეს ყველაფერი სახლობანას თამაშს ჰგავდა. ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარებოდა საბას აღზრდაში. მასთან ერთად ავიდგი ფეხი, პირველი კბილი ვიზეიმე, პირველი ცრემლიც და დედობის სირთულეც. დედა სხეულით გრძნობს რა სტკივა და რა უხარია შვილს, როდის არის უგუნებოდ, როდის არის ანცობის განწყობაზე. საბა გონიერი და ცელქი ბავში იყო, ისე მოხდა რომ ადრეულ ასაკში დიდი პასუხიმგებლობა აღმოაჩნდა და დღემდე მშობელივით დამცქერის, მივლის, მიფრთხილდება, მანებივრებს.
მეორე შვილი გამიჩნდა 27 წლისას, ჩემი თეკლა, „ღვთის საჩუქარი“, სულ ვამბობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, თვალებბრიალა გოგომ ჩემი ოჯახი მზით გაათბო. მგონია რომ თეკლა ახლა დიდი აღმოჩენების წინაშეა, მას აქვს რაღაც ისეთი, რაც სრულიად გამოარჩევს თანატოლებისგან, დიდივით ფიქრობს და ბავშვით ხალასია, ასეთი ნაკრები არ შემიმჩნევია სხვებისთვის. რა თქმა უნდა ამ საკითხში, როგორც ყველა დედა მეც სუბიექტური ვარ, ზოგჯერ ძალიან სენტიმენტალურიც რადგან სულ მენატრებიან ჩემი შვილები. სამახურს დიდ დროს ვუთმობ, ამ ეტაპზე, მარტოხელა დედა ვარ და ეს ფაქტორი გარკვეულწილად სულ მეტსა და მეტ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან.
უკვე 24 წელია პიარში ვმუშაობ, საკმაოდ მსხვილი ციფრია და მეამაყება რომ ჩემს საყვარელ პროფესიას ვემსახურები. პირველადი განათლებით ფილოლოგიის მაგისტრი ვარ, შემდეგ სხვადასხვა სფეროებს შევეჭიდე, ჯერ ბიზნეს-მენეჯმენტს, ახლა ფსიქოლოგიით ვარ გატაცებული და გეშტალტთერაპიას ვსწავლობ. ვფიქრობ, რომ ადამიანი განათლების გარეშე რეგრესს განიცდის, ამიტომ სულ ახალ და ახალ გამოწვევებს ვეძებ, მერე კი ვცდილობ ბარიერი დავძლიო. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ის გზა გავიარე როგორიც გავიარე და სწორედ ისე ვცხოვრობ როგორც ვცხოვრობ, დროის უკუსვლა რომ შეიძლებოდეს არც ერთ საათს არ შევცვლიდი. რატომ? იმიტომ რომ ყველა ჩემს გამოცდილებას, არჩევანს, ნაბიჯს პატივს ვცემ! არც წინ გავიხედავდი, რადგან ვიცი რომ მომავალში აწმყოში დათესილი თესლი ხარობს, მე კი სულ ვცდილობ, ისე ვიცხოვრო რომ სხვას არ ვავნო.
გუშინ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა „დედ, იცი შენ სვეცკი ხარ და მაგრად მიყვარხარო“, უფროსმა ვაჟმა კი დასძინა „შენ ჩემთვის ის ადამიანი ხარ ვინც სტერეოტიპებს არღვევსო“ ჰოდა ესაა რეალურად ამ ცხოვრების მილიონები, თორემ ფული თავისთავად ხომ ქაღალდია მასზე თუ ცნობილი თავები არ ხატია. მე მჯერა ჩემი შვილების! მე ვიცი რომ ისინი იქნებიან უფრო კარგები ვიდრე ჩვენ ვართ! ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენი შვილების ბედს, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გაგიზიაროთ, რომ ავიღოთ პასუხიმგებლობა, ავწიოთ ჩვენი წილი ტვირთი და უბრალოდ შევიყვაროთ საკუთარი თავი! თუ საჭიროა შვილებს ბოდიშიც მოვუხადოთ, რომ მათაც იცოდნენ რა რთულია ერთის მხრივ მობოდიშება და მეორეს მხრივ პატიება. შვილები იზრდებიან ცოცხალ მაგალითებზე, თუკი ერთ რამეს ჩავჩიჩინებთ და მეორეს მოვითხოვთ, გამოდის რომ ვტყუით, ბავშვის მოტყუება კი დანაშაულია! მზიან დღეებს გისურვებთ შვილებთან ერთად, რადგან ამაზე ღირებულს ვერაფერს შევქმნით!

გაზიარება.

კომენტარის დატოვება