ნინო გოგოლაძე – მარიტა და დაჩი

0

ნინო გოგოლაძე – ივენთ მენეჯერი

მარიტას დაბადება დეტალებში მახსოვს. პირველ შვილს რომ ელოდები, ყოველი წამი მნიშვნელოვანი გგონია. მძაფრად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. როდესაც სამშობიაროში მომიყვანეს და დავხედე, იყო წითელი, ბევრი შავი თმა ჰქონდა. საკეისრო კვეთა მქონდა გაკეთებული და ძალიან გადაღლილი ვიყავი. იმ წამს ვიფიქრე, ამისთვის ვიწვალე 9 თვე-მეთქი. ახლაც მრცხვენია ჩემი პირველი რეაქციის. თუმცა როგორც კი გავაცნობიერე, რომ დედა გავხდი, შემიყვარდა და თან შიში დამეუფლა, შემთხვევით ბავშვთა ოთახში არ შეშლოდათ, სხვისთვის არ გაეტანებინათ და გულმოდგინედ ყველა მისი ნაკვთი შევისწავლე. როდესაც შინ წავედით, უკვე ვატყობდი, როგორ იცვლებოდა და ლამაზდებოდა ყოველ დღე. მერე და მერე ვფიქრობდი, ნეტა ისეთი თუ გაიზრდება, მე როგორიც მინდა-მეთქი. ძალიან მინდოდა თეთრი სახე ჰქონოდა და მუქი ფერის თმა. საბოლოოდ მარიტა ასეთი გახდა.
როგორც დიდ ადამიანს ისე ვექცეოდი. არასოდეს ენის მოჩლექვით არ მისაუბრია მასთან. სერიოზული გოგო იყო ყოველთვის. პრობლემას არასოდეს შეგიქმნიდა. მარიტაზე ჩავიფიქრე ეს „სერიოზული გოგო“ „მაწანწალა“ უნდა გავხადო, რომ ჩემთან ერთად ყველგან იაროს-თქო და მართლა ასეთი გაიზარდა. ერთი სული აქვს, ოღონდ სადმე წავიდეს და არ აქვს მნიშვნელობა მთა იქნება, ბარი, ზღვა თუ ტყე, საკუთარი ქვეყანა თუ უცხოეთი. ნებისმერ ადგილას კომფორტის ზონას იპოვნის და ბედნიერების დოზას მიიღებს.
დაჩის და მარიტას შორის 3 წელიწად ნახევარია სხვაობა. თუ მარიტა წლინახევრის ასაკიდან თეატრებსა და მუზეუმებში დამყავდა, ყოველ 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საფლავზე ავდიოდით მთაწმინდაზე, საგურამოში პიკნიკებს ვმართავდით, დაჩი თითქოს თავისით გაიზარდა. ასე მგონია ამდენი არ გაგვიკეთებია მეორე შვილისთვის.
მარიტა პოზიტიურია, თუნდაც რაღაც უინტერესო ლექციით შეუძლია აღფრთოვანებული იყოს და ისე გადმოგცეს, რომ მაგარი ლექცია ქონდა. ისე გიყვება ამბავს, მის შემხედვარეს მეც მომინდა სტუდენტობა. მარიტა გიჟდება თეატრზე. ჩვენ ოჯახში ზოგადად ძალიან გვიყვარს თეატრი და მოთხოვნილებად აქვს ქცეული სპექტაკლზე წასვლა. განსაკუთრებით მარჯანიშვილის თეატრი უყვარს და თითქმის ყველა სპექტაკლი აქვს ნანახი. ძირითადად, მამასთან ერთად დადის ხოლმე თეატრში.

დაჩი სუპერ მხიარულია და მზრუნველია. წელს ბაკურიანში სასაცილო ამბავი შეემთხვა. ჩვენს მეგობრებს ჰყავთ შედარებით უმცროსი ბიჭები და დაჩი მათზე ზრუნავდა, დაყავდა ისინი, უვლიდა… ოთახში ბავშვები ცალკე იყვნენ შესულები, ჩვენ ცალკე ვისხედით, რატომღაც ისე დაემთხვა, ყველანი გავჩუმდით და სიწყნარეში ისმის დაჩის განწირული ხმა: „ერთმანეთს ნუ ურტყამთ ბავშვებო, მე დამარტყით, მე”.

დაჩი ნიჭიერი ბავშვია და როგორც ყველა ნიჭიერი, ზარმაცია. თვითონ ისწავლა პიანინოზე დაკვრა, ახლახან მეგობარმა გიტარაზე დაკვრა ასწავლა. საზღვარგარეთ მყოფ მამაჩემს შეკვეთა გავუგზავნეთ, ესპანური გიტარა გვინდა-თქო და მალე გვექნება კიდეც. ყველაფერი აინტერესებს, ფეხბურთზე დადის 5 წლიდან. ამასთან, მარიაჟია, თავს ასე ახასიათებს: „ფიზიკა-მათემატიკის გენია, თვით სიმპატიურობის ფუძემდებელი “Double D” დაჩი დარასელია.
ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ მათთან ერთად საკმარის დროს ვერ ვატარებ. დეფიციტის შევსებას ჩემი დასვენებების დღეს, მათთვის გემრიელი კერძების მომზადებით ვცდილობ. ახალი კულინარიული გამოგონებებით თითქოს უფრო მეტად გამოვხატავ შვილებზე ზრუნვას. ერთი დაუწერელი კანონი მაქვს – შვებულებას ყოველთვის ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ. ეს არის საუკეთესო პერიოდი. თითქოს მთელი წლის ანაზღაურებას ვცდილობ ორ კვირაში და თავიდან ვიცნობ საკუთარ შვილებს. ახალი თვისებების, ხასიათის შტრიხების აღმოჩენას ვახდენ და ვხვდები თურმე უკვე დიდები არიან.
მინდა ჩემი შვილები სწორი ადამიანები იყვნენ, საკუთარ თავთან იყვნენ მართალი. პრობლემების გადაჭრის ხერხი თავად იპოვონ, არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებული და ნებისმიერ თემაზე გააჩნდეთ საკუთარი აზრი, რომ ყოველთვის იცოდნენ – რა უნდათ ცხოვრებაში და მიზნის მიღწევის შნო და უნარი გააჩნდეთ.

გაზიარება.

კომენტარის დატოვება